საქართველოში წელს გარგრის ფასი რეკორდულად მაღალია - ფერმერებს მოსავლის 50-80% გაუნადგურდათ

აპრილის ბოლოს, თბილისში, აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ძირითადად იმპორტირებული ხილი და ასევე, ადგილობრივი წარმოების შარშანდელი ვაშლია წარმოდგენილი. EastFruit გუნდმა ფერმერებს სთხოვა, შეეფასებინა წელს გარგარისა და ატმის მოსავლიანობა. როგორც გაირკვა, საქართველოში ატმის კარგი მოსავალია, გარგარი კი საგაზაფხულო ყინვების გამო დაზარალდა.

გურჯაანელი ფერმერების შეფასებით, მარტის ყინვებმა, წელს გარგრის მოსავლის დაახლოებით 50-70% გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ გარგრის მოსავალი დიდწილად დაიკარგა უზბეკეთში და ასევე, ყინვის გამო ტაჯიკეთში. სიტუაცია საკმაოდ რთულია ევროკავშირშიც. საფრანგეთში აცხადებენ, რომ საუკუნოვანი ყინვის გამო, გარგრის მოსავალი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. შესაბამისად, გარგარი ძვირი იქნება მთლიანად რეგიონში.

კახეთში, კერძოდ გურჯაანში, ხილისა და მათ შორის, გარგრის მწარმოებელი დავით ხუციშვილი ამბობს, რომ მისი მოსავლის 70% განადგურდა. ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფერმერი ვალერი ტურაშვილიც, რომელსაც გარგრის ბაღი გურჯაანში 1,5 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. მან მოსავლის 80%-ზე მეტი დაიკარგა. კიდევ ერთი დაზარალებული გურჯაანელი ფერმერი ბესარიონ გიოშვილია, რომელიც 2 ჰექტარიდან 10 ტონა გარგარს მიიღებს, ეს მაშინ, როდესაც 40 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებოდა.

სანამ ბაზარზე ადგილობრივი ხილი გამოჩნდება, მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ იმპორტირებული გარგარი, ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებაც სუპერმარკეტებში 20-30 ლარია. ხოლო საბითუმო ბაზარზე იგივე ხილი 12-13 ლარად იყიდება.

ეს მაშინ, როდესაც EastFruit-ის მიერ გასული წლის მონიტორინგის თანახმად, საქართველოში გარგარის საშუალო საბითუმო ფასი 3,6 ლარი იყო.

ნინი ქეთელაური