,,2020 წლის ზარალი 4 მილიონ ლარამდეა“ - როგორია Castello Mare-ს დატვირთულობა დიდი გაჩერების შემდეგ

,,ჯავშნების ნაწილი მოსალოდნელი მესამე ტალღის შეზღუდვების შემდეგ გაუქმდა“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო გამაჯანსაღებელი კომპლექსი Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა მანო კუჭუხიძემ განაცხადა.

ციხისძირში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პანდემიის პირველ ეტაპზე საკარანტინე სივრცე იყო, ხოლო შემდეგ სრულად დახურვა მოუწიათ.

მანო კუჭუხიძის თქმით, 30 აპრილიდან სასტუმრო იხსნება, პირველ სტუმრებს კი 1-ლი მაისიდან, ხვალიდან მიიღებს. თუმცა მისივე თქმით, მაისის 70% კვლავ თავისუფალი და აუთვისებელია.

,,გაჩერებული ვარ ოქტომბრის პირველი ნახევრის შემდეგ. თუმცა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ რემონტისთვის. იქამდე ჩვენ ვიყავით საკარანტინე სივრცე გაზაფხულზე პირველი ტალღის დროს. ზაფხულში მოვახერხეთ ოფიციალური გახსნა და სტუმრების მიღება. სექტემბრიდან მეორე ტალღასთან ერთად კი ისევ გავხდით საკარანტინე სივრცე მცირე დროით.

მოგეხსენებათ, აჭარაში ზღვის პირზე სასტუმროს დაკეტვა არ არის მარტივი. განვაახლეთ თითქმის ყველა სივრცე. ეს არ ყოფილა გენერალური რემონტი, სადაც დიზაინს, ექსტერიერს ან ინტერიერს ძირეულად შევცვლიდით. ახლა ვემზადებით გახსნისთვის.

ჯერჯერობით მაისის პერიოდში სრულად ორიენტირებული ვართ ქართულ ბაზარზე. თუმცა, აქაც პანდემიამ ძალიან შეცვალა ჯავშნების სპეციფიკა. ადრე თუ ერთი თვით ადრე იჯავშნებოდა, ახლა რამდენიმე დღით ადრე ჯავშნიან ან აუქმებენ რეზერვაციას იმის მიხედვით, როგორია ეპიდსიტუაცია და ასევე განცხადებები. ამ მომენტში 30% არის მაისის მოსალოდნელი დატვირთულობა, თუმცა რა იქნება თუნდაც ერთ კვირაში, შეუძლებელია ამის თქმა. გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ბოლო განცხადებებმა მყისიერი გავლენა მოახდინა და ბევრმა უბრალოდ, გააუქმა ჯავშნები.

ივნისიდან გარკვეული წინასწარი ჯავშნები არის როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელის, პოლონეთის და უზბეკეთიდან, მაგრამ რა მოხდება, არ ვიცით. ეს არცერთი არ არის გარანტირებული“, - განაცხადა მანო კუჭუხიძემ.

მისი თქმით, პანდემიის შედეგად სასტუმროს ზარალი 4 მლნ ლარამდეა.

,,როგორც წესი, წლის დასაწყისში გვაქვს მთელი წლის წინასწარი დამტკიცებული ბიუჯეტი, რომლითაც გარკვეულ გათვლებს ვაკეთებთ. 2020 წლის ზარალი 4 მილიონ ლარამდეა. ეს არის მიუღებელი შემოსავალი, თუმცა ამას ემატება ბევრი კომპონენტი და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი არის ადამიანური რესურსის გადინება, რაც დიდი გაჩერების პერიოდს მოჰყვა და ახლა თავიდან გვიწევს კადრების მოძიება“, - განაცხადა სასტუმრო გამაჯანსაღებელი კომპლექსის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი