მსოფლიოში ფისტაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, წამყვანი ქვეყნები კი წარმოებას აფართოვებენ. სწორედ აღნიშნული ტენდენციის გამო, East Fruit-ის ექსპერტები მიმდინარე პროცესს ყურადღებით აკვირდებიან და პროდუქტის პერსპექტივებზე ამახვილებენ ყურადღებას.
2020/21 წლების სეზონზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ, 1 მლნ ტონას უახლოვდება. წინა სეზონთან შედარებით, წარმოება 40%-ით არის გაზრდილი.
წარმოების ზრდა ძირითადად აშშ-სა და თურქეთში დიდი ოდენობის მოსავლის მიღებას, ასევე ფისტას სპეციფიკას უკავშირდება. კერძოდ, ნაყოფს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო ხშირდება.
ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში ფისტის წარმოება 42% -ით გაიზრდება და რეკორდულ 476,000 ტონას მიაღწევს. ამასთან, პროდუქტის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან თითქმის 20%-ით გაიზრდება და 225,000 ტონას შეადგენს. რეკორდული მოხმარების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მარაგიც ამავე ტემპით გაიზრდება.
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეკორდული მარაგი და ექსპორტი ზეწოლას მოახდენს ფისტის ფასებზე, მთელი შემდეგი სეზონის განმავლობაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფისტას წარმოება სამჯერ გაიზრდება თურქეთშიც და 250 000 ტონას შეადგენს.
ამავე პროგნოზის მიხედვით, ჩინეთში, რომელიც აშშ-ის მთავარი საექსპორტო ბაზარია, იმპორტი შესაძლოა, 45%-ით გაიზარდოს და 150,000 ტონა შეადგინოს.
ამასთან, ესპანეთსა და იტალიაში მოსავლის დაკარგვის გამო, ევროკავშირში შემცირდება ფისტის წარმოება, რის გამოც იმპორტი 15-%-ით გაიზრდება და 120 ათას ტონას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში ფისტის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. კერძოდ, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ფისტის ასოციაცია და გაშენებულია ბაღები, რომელთა ფართობი იზრდება. უზბეკეთმა კი გამოაცხადა, რომ აპირებს გაუსწროს შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და ირანს ფისტის წარმოებაში. გარდა ამისა, უზბეკი სპეციალისტები უკვე აქტიურად უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ტაჯიკეთს, სადაც ფისტა ინდუსტრიულად ჯერ არ არის მოყვანილი. მოლდოვასა და უკრაინაში კი, არიან მოყვარული ფერმერები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივი ბაზრის პირობებში ადაპტირდნენ.