ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მარწყვი შემოდის

საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 73 ათასი დოლარის მარწყვი შემოვიდა. მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში, 69,6 ათასი დოლარის; ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 46,5 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, მარწყვის მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც იანვარ-მარტში ქვეყანაში 72.5 ათასი დოლარის მარწყვი შემოვიდა. 500 დოლარის ღირებულების პროდუქტის იმპორტი კი ნიდერლანდიდან განხორციელდა. ცნობისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ძირითადი იმპორტიორი ფაქტობრივად მხოლოდ თურქეთი იყო, ხოლო შარშან ამავე პერიოდში იმპორტიორებს შორის მნიშვნელოვანი წილით თურქეთთან ერთად ეგვიპტეც გამოირჩეოდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის იანვარ-მარტში თურქეთიდან - 48,1 ათასი დოლარის; ეგვიპტიდან 21,4 ათასი დოლარის მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ნიდერლანდიდან კი მხოლოდ 100 დოლარის პროდუქტი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მარწყვის ადგილობრივი წარმოების შემცირებაზე აპრილის დასაწყისში East fruit-ის ანალიტიკოსებიც საუბრობდნენ. მათი ცნობით, ქვეყანა იმპორტირებულ პროდუქტზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. EastFruit– ის ექსპერტების აზრით, ადგილობრივი წარმოების შემცირების მთავარ მიზეზებს შორის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამას ემატება ტურისტების ნაკლებობა საქართველოში და ასევე, „ჰორეკა“ სექტორზე მოთხოვნის შემცირება. გარდა ამისა, თურქული ლირის დევალვაციამ თურქული მარწყვის ექსპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, განსაკუთრებით საქართველოს ბაზრისთვის.

თაია არდოტელი