პალადიუმის ფასი 1 უნციაზე 2 900 დოლარამდე  გაიზარდა და რეკორდს მიაღწია

პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად პალადიუმის ფასი გაიზარდა და მისთვის რეკორდულ ნიშნულს - 2 900 დოლარს მიაღწია ერთ უნციაზე.

აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული ამ ძვირფას მეტალზე ფასი 10%-ით არის გაზრდილი, რაც მიწოდების შეფერხების შიშმა განაპირობა. როგორც Trading Economics-ი წერს, ავტომობილებში გამონაბოლქვის ნორმების გამკაცრება ევროპასა და ჩინეთში ამ მეტალის ფასს მხოლოდ გაზრდის, ვინაიდან სწორედ ის გამოიყენება ავტომობილების კატალიზატორებში.

გარდა ამისა, პალადიუმის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Норильский никель აცხადებს, რომ მის საბადოებში ავარიის გამო მეტალის მოპოვება/წარმოება 2021 წელს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

ამასთან, ივნისის კონტრაქტების კოტირებებმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ერთ უნცია პლატინაზე თბილისის დროით 20:57 წუთისთვის 2 856,5 დოლარი შეადგინა, რაც 0,5%-ით მეტია წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე. ვაჭრობის სესიის განმავლობაში კი მისი ფასი 2 928 დოლარამდეც გაზრდილა.

რაც შეეხება ივნისის კონტრაქტებს ოქროზე, მისი ფასი 0,25%-ით შემცირდა 1 777,5 დოლარამდე ერთ უნციაზე, ხოლო მაისის კონტრაქტები ვერცხლზე ასევე შემცირებულია 0,4%-ით 26,07 დოლარამდე უნციაზე.

კოკა კვირკველია