„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს სხვადასხვა ქალაქში აქციას გამართავენ

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს სხვადასხვა ქალაქში აქციას გამართავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დღეს, 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება აქციები. ეს არის დღევანდელი დღის გეგმა. რაც შეეხება აქციების თბილისში გადატანას, ვაანონსებთ თარიღს, 23 მაისს. ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მნიშვნელოვანი დღეები მოდის, ვნების კვირა, აღდგომის დღესასწაული, შემდეგ სხვადასხვა თარიღები გადაკავებულია, მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი ძირითადი აქციის ჩატარება დედაქალაქში“,-აცხადებს გოლეთიანი.

ცნობისთვის,"ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამავე განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. ამასთან, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

შეგახსენებთ, 180-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ." გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.