საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ მორატორიუმებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საკმაოდ აქტუალურ საკითხებსაც წარმოადგენდა.
ყველას ემახსოვრება მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მორატორიუმი 2013 წელს ამოქმედდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა. თუმცა, 2017 წელს კიდევ ერთხელ გამოცხადდა მორატორიუმი, 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. თუმცა, 2018 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს კვლავ აწესებდა. კერძოდ, კონსტიტუციაში გაკეთებულია ჩანაწერი, რომლითაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“.
ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი მორატორიუმი საქართველოში, შეეხებოდა მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს. ქალაქში განაშენიანებაზე მორატორიუმი 2015 წელს გამოცხადდა. შეზღუდვა დღემდე მოქმედებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნამახვან ჰესთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი უკვე მეორეა მიმდინარე წელს. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, გასული თვის მიწურულს, სრული მორატორიუმი გამოცხადდა ასევე ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე. მორატორიუმი იმოქმედებს განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე და შეეხება ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.