ჩინეთს ამბიციური კოსმოსური პროგრამა აქვს

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟან კეძიანმა, ჩინეთის კოსმოსის დღესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ სააგენტო ასტეროიდების საწინააღმდეგო თავდაცვის ორბიტალური სისტემის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.

ჩინეთს კოსმოსის კვლევა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს დასახული. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, 2045 წლამდე პერიოდში, ყოველწლიურად ათასობით კოსმოსური ფრენის შესრულებას, კოსმოსში ათასობით მგზავრის და ათობით ათასი ტონა ტვირთის გაგზავნას გეგმავს.

შარშან ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ და NASA-მ გააფორმეს 129 მილიონ ევროდ ღირებული ხელშეკრულება, რომელიც ახალი ტიპის კოსმოსური ხომალდის შექმნას ითვალისწინებს. ამ ხომალდით, ორმა სააგენტომ უნდა შეძლოს ისეთი ასტეროიდების ტრაექტორიის შეცვლა, რომლებსაც გეზი ჩვენი პლანეტისკენ ექნება აღებული.

ამ სფეროში გააქტიურებას ჩინეთიც ცდილობს. მისი კოსმოსური სააგენტო გეგმავს მისიას, რომელიც ჩვენი პლანეტის უახლოეს ასტეროიდზე ხომალდის დასმას, იქიდან სინჯების აღებას და უკან გამოფრენას ითვალისწინებს. შემდეგ იგივე ხომალდი სხვა კომეტის მიმართულებით გაიგზავნება. ამ ინფორმაციას სააგენტო სინჰუა ავრცელებს, რომელმაც ის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს იე პეიძიანისგან მიიღო. მეცნიერის თქმით, მისია დაახლოებით ათი წელი გაგრძელდება.