2020 წელს მსოფლიო მშპ-ში ტურიზმის წილი ორჯერ შემცირდა

მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2020 წელს კორონაპნდემიის გამო მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის ინდუსტრიის წილი 5,5%-მდე შემცირდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10,4%-ს შეადგენდა. ანგარიშში 185 ქვეყნისა და 25 გეოგრაფიული ან ეკონომიკური რეგიონის მონაცემებია მოყვანილი. თუკი 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმმა 9,2 ტრლნ დოლარი შეიტანა, 2020 წელს სექტორმა, თითქმის, 4,5 ტრლნ დოლარი დაკარგა, ხოლო მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტზე მისი წილი 49%-ით შემცირდა. ამასთან, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპი 3,7%-ით დაეცა.

WTTC-ის მონაცემებით, პანდემიამდე საერთაშორისო ტურიზმზე მსოფლიოში ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი მოდიოდა. რაც შეეხება მსოფლიოში მთლიან სამუშაო ადგილებს, მასში საერთაშორისო ტურიზმის წილი 10,6% იყო, რაც 334 მლნ სამუშაო ადგილს ნიშნავს. 2020 წელს ტურიზმის სფეროში 62 მლნ სამუშაო ადგილი შემცირდა, რაც თითქმის 18,5%-ია. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრიაში 272 მლნ ადამიანია დასაქმებული. თუკი სექტორი ფეხზე არ დადგა, შემცირება შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს, რადგან სამუშაო ადგილები ტურისტული კომპანისებისთვის სახელმწიფო დახმარების პროგრამების წყალობით არის შენარჩუნებული.

2019 წელს მოგზაურობების დროს დამსვენებლებმა 1,7 ტრლნ დოლარი დახარჯეს, რაც საერთაშორისო ექსპორტის, თითქმის, 7%-ს, ხოლო მომსახურების ექსპორტის 27,4%-ს შეადგენდა. 2020 წელს თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს ტურისტების ხარჯები 45%-ით, ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები, თითქმის, 70%-ით შემცირდა.

მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭომ ანგარიში Oxford Economics-თან ერთად მოამზადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ