დღეს გენერალურ პროკურატურასთან მოვედი, რომ მოვითხოვო გამოძიება, „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო კონსტიტუციური აკრძალვა სასოფლო - სამეურნეო მიწა მიეყიდოს უცხოელებს, მათ შორის უცხოურ კომპანიებს.
„ამავე დროს, სწორედ ამ ხელისუფლებამ ინდივიდუალურად არაერთ ჰექტარს და მიწის ნაკვეთს სპეციალურად შეუცვალა სტატუსი. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები გახადა არა სასოფლო - სამურნეო მიწის ნაკვეთები იმისთვის, რომ შემდეგ ეს „ენკასთვის" გადაეცა. ამით ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თვითონვე მიიღეს.
აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთების სტატუსი კონსტიტუციის დარღვევით სპეციალურად იქნა შეცვლილი, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობას ამის საშუალება არ აქვს, რომც უნდოდეს. იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ხელყოფა.
დღეს მოვედი აქ, რომ მოვითხოვო გამოძიება „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს ჩვენს ზურგს უკან" , - განაცხადა დოლიძემ.