დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებაზე მთავრობის არგუმენტები დავით ონოფრიშვილისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის არგუმენტები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

როგორც ონოფრიშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ მიმართულებით საგადასახდო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მოტივაცია ბოლომდე ვერ დაინახა. "ბოლომდე ვერ დავინახე ამის მოტივაცია რა არის და გამოთავისუფლებული ფული რა უკეთესს ხარჯს გასწევს. ზოგადი პასუხი იყო, რომ თანხები სოციალურ ხარჯებს მოხმარდება", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილება იყო 2012 წლის ბოლოს დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების სანაცვლოდ, საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე დაწევის ინიციატივის გაუქმება, რადგან საშემოსავლო გადასახადის შემცირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდებოდა და გარკვეული მიმართულებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ვერ დაფინანსდებოდა.

2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამისს პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.

ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. მისი განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, დაუბეგრავი მინიმუმის მოქმედების ვადები განისაზღვრება. კერძოდ, "საგადასახდო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, კანონის ძირითადი ნაწილიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების წესებს ადგენს. შესაბამისი ნორმები ე.წ. გარდამავალ დებულებებში გადადის, სადაც იწერება, რომ ფიზიკური პირი, რომლის ერთობლივი შემოსავალი (ჯერ კიდევ მოქმედ კანონში კი, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზეა საუბარი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2013 და 2014 წლის განმავლობაში 6000 ლარს არ აღემატება, უფლებამოსილია, კალენდარული წლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი.

2013 და 2014 წლების მიხედვით, დაქირავებულს უფლება აქვს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ წარადგინოს, მაგრამ არაუგვინესს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

მთავრობა კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ მისი ეს ინიციატივა შესაძლოა, უარყოფითად აისახოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით სარგებლობდა. ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ახალი სოციალური სისტემის ამოქმედებით ხსნის.