ამერიკელები ევროკავშირში მოგზაურობას ზაფხულში შეძლებენ

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა The New York Times განუცხადა, რომ Covid-19-ზე ვაქცინირებული ამერიკელებისთვის სამგზავრო შეზღუდვები გამარტივდება და ისინი ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ზაფხულში შეძლებენ.

„27 წევრი ქვეყანა უპირობოდ მიიღებს ყველას, ვინც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ნებადართული ვაქცინით არის აცრილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ვაქცინა სამია და მას ამერიკელები აქტიურად იყენებენ. ეს მათთვის ევროკავშირში მოგზაურობასა და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ის ტურისტული მგზავრობების განახლების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. ერთ წელზე მეტია, რაც ევროკავშირმა ასეთი ტიპის მგზავრობები აკრძალა.

მიმდინარე თვეში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, შემოიღონ Covid-19-ის სამგზავრო საშვები, რომლებსაც ვაქცინირებული, ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები მიიღებენ. მათთვის სამგზავრო შეზღუდვები გამარტივდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ