ვინც აიცრა „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, თვითონ „ასტრაზენეკას“ მწარმოებლის რეკომენდაციით, სასურველია მეორე დოზისას გამოყენებული იქნას ასევე, „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დაწესებული ასოკობრივი შეზღუდვის საკითხი კიდევ ერთხელ იქნება განხილული.
„ვინც აიცრა „ასტრაზენეკის“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, თვითონ „ასტრაზენეკას“ მწარმოებლის რეკომენდაციით, სასურველია გამოყენებული იქნეს ასევე, „ასტრაზენეკა“. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვებს - ასაკობრივი შეზღუდვა არ დაუწესებია არც ევროპის წამლის სააგენტოს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს დააწესა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. უფრო მეტმა ქვეყანამ ეს ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვა გააკეთა ან საერთოდ არ დააწესა, ამიტომ ეს საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ იქნება განხილული. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრები დაიწყება დაახლოებით 15 მაისიდან, მანამდე კიდევ იმუნიზაციის საბჭოს რამდენიმე სხდომა იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ შესაძლებელია, ეს ვირუსი ე.წ. სეზონური ვირუსი გახდეს, როცა საჭიროა ყოველ წელს ერთი ინექციის გაკეთება.
„გამოჩნდა რამდენიმე ნაშრომი, თუ რამდენი ხნის დაცვითი ეფექტი აქვს ორჯერად აცრებს: „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“, მოდერნაზე“, ჩინურ ვაქცინებზე, რუსულ ვაქცინებზე და ა.შ. - ჯერ ამ ტიპის დაკვირვებები ძალიან ცოტაა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა 6-დან 12 თვის განმავლობაში - ეს საუბრები მიდის იქითკენ, რომ შესაძლებელია, ეს ვირუსი გახდეს ე.წ. სეზონური ვირუსი, გრიპის მსგავსი, როდესაც ყოველ წელს ერთი ინექციის გაკეთება გახდეს საჭირო, ამაზე რა თქმა უნდა, მთელი კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს, დღეს ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. მე ვფიქრობ, თუ ხართ აცრილი ვთქვათ, „ასტრაზენეკათი“ ან „ფაიზერით“ ორჯერადად, შეგიძლიათ 6-12 თვის შემდეგ თუ ჩათვლით საჭიროდ და საჭიროა თქვენი აცრა, შეგიძლიათ აიცრათ სხვა ვაქცინით ან იგივე ვაქცინით, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ ბევრი განხილვის საგანია და ეს ყველაფერი დაკონკრეტდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.