მთავრობის სხდომაზე 4 მცირე საწარმოს პროექტი დამტკიცდა

მთავრობის სხდომაზე 4 მცირე საწარმოს პროექტი დამტკიცდა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.

“დღეს მთავრობის მიერ დამტკიცდა 4 მცირე საწარმოს პროგრამა. ეს არის 4 საწარმო, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ მთავრობის თითოეულ სხდომაზე ზუსტად რეგიონული, მცირე, ახალი საწარმოების პროექტები გავიტანოთ. ესეც არის რეგიონისთვის ახალი სამუშაო ადგილები. თელავში, სოფელ აჩინებულში შეიქმნება მცირე სამაცივრე მეურნეობა, საკვები პროდუქტების შესანახი 616 ათასი ლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება, ზესტაფონში შეიქმნება ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო - ეს არის 2 მილიონ 152 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია და ასევე რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება სამშენებლო მასალის და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო, მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია, რომელიც დაასაქმებს ათეულობით ოჯახს, ასევე თბილისში ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება ქიმიური პროდუქციის კერძოდ, სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი მცირე საწარმო და აქაც, მოხდება 600 ათას ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება - ეს 4 მცირე საწარმოს პროექტი განხორციელდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო ქონების კომპონენტი, როდესაც სახელმწიფო ქონება, მცირე ნაკვეთები, ნანგრევები, რომელიც საბჭოთა დროიდან უსარგებლოა გადაეცემა საინვესტიციო ვალდებულებებით, მცირე ბიზნესს, კერძო ბიზნესს იმისთვის, რომ იქ სიცოცხლე აგუგნდეს ახალი საწარმოები შეიქმნას და დასაქმდნენ ადამიანები“, - განაცხადა თურნავამ.