ნათია თურნავა - წლების მანძილზე და ახლაც ვაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც დომინანტია ძლიერი კერძო სექტორი

წლების მანძილზე და ახლაც ვაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც დომინანტია კერძო სექტორი - ძლიერი კერძო სექტორი, კერძო საკუთრების უფლებების დაცვა, კერძო ინვესტორის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას განმარტებით, დღეს ეკონომიკური პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ პანდემიის მიუხედავად, კერძო სექტორმა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს.

„სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ვითარებაა ბაზარზე. მაგალითად, როცა პანდემია მძინვარებს, მთელი რიგი სახელმწიფოები, არამხოლოდ საქართველო, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ წაახალისონ კერძო სექტორი. კერძო სექტორის წახალისების ერთ-ერთი მექანიზმი ეს არის გაძლიერებული, გაზრდილი მასშტაბის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ამ შემთხვევაში, ვინაწილებთ იმ ხარჯებს და რისკებს, რაც სხვა შემთხვევაში კერძო სექტორს დააწვებოდა და ნორმალურ ვითარებაში კერძო სექტორი ამას თავის თავზე აიღებდა, მაგრამ პამდემიის გამო, როცა ეკონომიკა შემცირდა და რისკები გაეზარდა კერძო სექტორს, ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც, ჩვენს მიერ ჩადებული თითოეული ლარი თუნდაც, გზების მშენებლობაში, თუნდაც, ურბანული განვითარების და მუნიციპალიტეტის ცენტრების რეაბილიტაციაში, გაზიფიკაციაში, ათობით ლარს მოიტანს კერძო სექტორის მიმართ, მინიმუმ, ერთი ათთან მოხდება ინვესტიციების ჩადება. პრივატიზაციას რაც შეეხება, იცით, რომ უპრეცედენტო პროგრამა წამოვიწყეთ, კიდევ უფრო მეტად გაფართოებული, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ განსახელმწიფოებრიობას ვაკეთებთ გაჩერებული ობიექტების, რომელიც დღეს ეკონომიკას, დასაქმებას არ ემსახურება და ამას კერძო სექტორს გადავცემთ. თუმცა, ყოველთვის არის კონკრეტული პროექტები, სადაც ეფექტურობიდან, სისწრაფიდან გამომდინარე, შესაძლებელია სახელმწიფომ დროებით ლიდერშიფი აიღოს. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დღეს იმას ემსახურება, რომ პანდემიის მიუხედავად, კერძო სექტორმა სიცოცხლისუნარიანობა, რეზერვები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო სწრაფად აღსდგეს ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა თურნავამ.