ღვინის ექსპორტის ზრდა გაგრძელდება

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ღვინის ექსპორტირების დროს, აქცენტი ისეთ ღვინოებზე უნდა გაკეთდეს, როგორიც ”საფერავი” და ”ქვევრის ღვინოა”.

ამის შესახებ ”პალიტრა TV”-ს გადაცემა ”საქმეში” ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”აქცენტი უნდა გავაკეთოთ ისეთ სახელებზე, რაც ჩვენთვის არის ძალიან განსაკუთრებული. მაგალითად, საფერავი, ქვევრის ღვინო და ამას თან უნდა ახლდეს ისტორია, რომ დაინტერესდეს მომხმარებელი”.

როგორც სამანიშვილმა განაცხადა, ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ყველა ქვეყანასთან მუშაობის განსხვავებული სტრატეგია აქვს, რაც აქცენტის სწორად გაკეთებას გულისხმობს: ”მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის მაღალი კულტურაა, აქცენტს ვაკეთებთ უნიკალურობაზე.”

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 63%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 11 თვის მონაცემებით, 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პროგნოზი კი 2015 წელს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ასეთია: ”დარწმუნებული ვარ ექსპორტის ზრდა გაგრძელდება. უკრაინასა და რუსეთში ექსპორტის ცვლილება ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ ან კლება დაფიქსირდეს ან მატების ტემპმა დაიკლოს”.