ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა 25 მაისისთვის იგეგმება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა 25 მაისისთვის იგეგმება.

როგორც მინისტრის მოადგილემ, პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაისის ოცდახუთისთვის ჩვენ ვიქნებით მზად გავხსნათ ახალი ტერმინალი. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის წინ, 2019 წელში მაქსიმალური იყო ამ აეროპორტზე დატვირთვა ტურისტების. ასევე, ბაზირებული იყო „ვიზეარის“ ორი თვითმფრინავი, კერძო კომპანიებსაც ჰქონდათ დიდი ინტერესი. ტურისტული კუთხით არამხოლოდ საქართველოში შემომავალი, ასევე, ქართველებს შეეძლოთ ევროპის ბევრი მიმართულებით სარგებლობა ამ აეროპორტით. ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ქუთაისშიც ვიქნებით მზად“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ბათუმის აეროპორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის აეროპორტს მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება შეეძლება.

„ბათუმის აეროპორტის გაფართოება ორი კვირის წინ დასრულდა, 70 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შეგვიძლია, ბათუმში მილიონი და მეტი მგზავრის მომსახურება ტურისტული სეზონის ამოქმედებისთანავე. იმედია, კოვიდის ფაქტორის გავლენა რაც შეიძლება მალე გაივლის და ჩვენ შეგვეძლება ამით ვისარგებლოთ“,- აღნიშნა გურამიშვილმა.