„ჩვენი ქვეყანა ვაქცინაციის გარეშე დარჩება მუდმივად ჩაკეტილი, „ლოქდაუნიდან“ - „ლოქდაუნამდე“ - რატომ იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა

„მომდევნო წლებში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც წავა ჩვენი ქვეყნიდან, კიდევ უფრო გაიზრდება“, -ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჯანდაცვის სპეციალისტმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ვაქცინაციის გარეშე დარჩება მუდმივად ჩაკეტილი, „ლოქდაუნიდან“ „ლოქდაუნამდე“. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები წავლენ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის და ეკონომიკის აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წელს ქვეყნიდან 51 737 მოქალაქე გავიდა.

„თითოეული ჩვენთაგანი თუ მიმოვიხედავთ გარშემო და ვკითხავთ ადამიანებს, მათი უმრავლესობა გვეტყვის, რომ საქართველოში თავის ადგილს ვერ პოულობს, საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენს და ისურვებდა, რომ წასულიყო. რა თქმა უნდა, სურვილის მქონეთა რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე რეალურად ვინც ახერხებს წასვლას. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს წასვლა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის სათანადო სოციალური და ეკონომიკური პირობები.

ახლა, რამ გამოიწვია ეს. რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში შედარებით ნაკლები მიდის, იმიტომ რომ სხვაგანაც შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, თუმცა გადინება მაინც არის. თუ პანდემიამდე არსებულ მონაცემებს ავიღებთ, ფაქტი ერთია, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გადიოდა, რაც პირველ რიგში აისახება გადმორიცხულ თანხებში. სტატისტიკა უცნაური რამეა, თუ ხედავთ, რომ წლიდან წლამდე უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა იზრდება, ე.ი იზრდება თვითონ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ თანხას რიცხავს.

სამწუხაროდ, მე ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს და ეკონომიკური აღდგენა გაცილებით სწრაფად მოხდება (ვიდრე იმ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც ვაქცინაცია ჩავარდნილია), უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო წლებში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც წავა ჩვენი ქვეყნიდან, კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქცინაციის გარეშე დარჩება მუდმივად ჩაკეტილი, „ლოქდაუნიდან“ – „ლოქდაუნამდე“,- განცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნინი ქეთელაური