დღეს ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა მასშტაბური "პოტიომკინის სოფლის" მშენებლობის პროექტი - გია ხუხაშვილი

,,პრიორიტეტებად თუ დავალაგებთ, ის, რაშიც ახლა ფულს ხარჯავენ, კარგ შემთხვევაში მეცხრე ადგილზეა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,ქვეყნის მასშტაბური განახლების“ გეგმის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა ფასადურია და არაფერს ემსახურება, გარდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებისა.

,,ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ დროს, ხელისუფლება თუ რამე განახლებაზე ან გაცოცხლებაზე საუბრობს, მას უნდა ჰქონდეს სწორად დალაგებული პრიორიტეტები, რაც გულისხმობს შემდეგს - საჭიროა სოციალური და ეკონომიკური გეგმები.

ნაცვლად ამისა, ჩვენ ქვეყნის განახლების გეგმად პრემიერმა წარმოგვიდგინა ადმინისტრაციული შენობების შეღებვა და რემონტი. საუბრობენ ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებაზე სიტუაციაში, სადაც ყველამ ვიცით, როგორც მინიმუმ წელს ტურისტული სეზონი ვერ გვექნება. ეს ხომ ნიშნავს, რომ პრიორიტეტები არის თავდაყირა დაყენებული. თუ მაინც და მაინც თანხის გამოყოფა უნდოდათ, არის სექტორები, რომლებიც გადასარჩენია და იქ ჩადებულიყო ეს თანხები.

წმინდა წყლის პოტიომკინის სოფლის პროექტია. ფასადური გეგმა, რომელიც ქვეყნის გადაღებვის გეგმაა და ერთადერთი ამოცანა შეიძლება იყოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. სხვა ლოგიკა უბრალოდ, არ არსებობს. თავისთავად ცუდი არაფერია არცერთ მიმართულებაში, მაგრამ ახლა არის ამის დრო? პრიორიტეტებად თუ დავალაგებთ, ის რაშიც ახლა ფულს ხარჯავენ კარგ შემთხვევაში, მეცხრე ადგილზეა.

სხვა არჩვენების წინ, გვქონდა პრაქტიკა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხარჯავდა ფულს ასეთ რაღაცებში, ახლა როგორც ჩანს, გაუჭირდათ და ბიუჯეტის ფულის დახარჯვა გადაწყვიტეს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, პრემირმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ იწყებს ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ღარიბაშვილის თქმით, დაგეგმილია რეგიონების ურბანული განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამოიყოფა.

თამარ მუკბანიანი