ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს

„განახლებული რეგიონები“ ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოხდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრების სრული განახლება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის წერტილები ჩვენი ტურიზმისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მთავრობა მაქსიმალურად, ყველაფერს აკეთებს, რომ ტურისტული ინდუსტრია უსაფრთხო რეჟიმში აღდგეს.

მინისტრის პროგნოზით, ახალი პროგრამა რეგიონებში კერძო ბიზნესის სექტორის გააქტიურებასაც გამოიწვევს. ამასთან, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა აქტივობების და პროექტების პაკეტები იქნება შეთავაზებული.

„ზოგადად ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში,“ პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და ჩვენ კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა, თქვენ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა მინიმუმ ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს და ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მორიგი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტრო გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.