ზურაბ ტყემალაძის აზრით, ადგილი აქვს დაუბეგრავი მინიმუმის არა გაუქმებას, არამედ შეჩერებას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძის აზრით, ადგილი აქვს დაუბეგრავი მინიმუმის არა გაუქმებას, არამედ შეჩერებას.

ტყემელაძის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება-არგაუქმების საკითხი 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით გადაწყდება. როგორც დეპუტატი განმარტავს, დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წლისათვის გაიცემა, 2016 წელს კი, თუკი დაუბეგრავი მინიმუმი უფრო უკეთესი სოციალური პროექტით შეიცვლება, მხარს მას დაუჭერენ, თუ არა – გაგრძელდება ის, რაც არის.

"ვიდრე 2016 წლის სახელწიფო ბიუჯეტი შემოვა, ჩვენ უნდა დავინახოთ, რა ცვლის დაუბეგრავ მუნიმუმს. 2015 წლისათვის დაუბეგრავი მინიმუმი დაბრუნდება, როცა 2015 წელს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვა, თუკი რაიმე უფრო კარგი, უფრო შედეგიანი პროექტი იქნება შემოთავაზებული, ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ტყემალაძემ.

პარლამენტში წარდგენილია "საგადასახდო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ძირითადი ნაწილიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების წესებს ადგენს. შესაბამისი ნორმები ე.წ. გარდამავალ დებულებებში გადადის, სადაც იწერება, "რომ ფიზიკური პირი, რომლის ერთობლივი შემოსავალი (ჯერ კიდევ მოქმედ კანონში კი, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზეა საუბარი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2013 და 2014 წლის განმავლობაში 6000 ლარს არ აღემატება, უფლებამოსილია, კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი".

2013 და 2014 წლების მიხედვით, დაქირავებულს უფლება აქვს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ წარადგინოს, მაგრამ არაუგვინეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. მთავრობა კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ მისი ეს ინიციატივა შესაძლოა უარყოფითად აისახოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით სარგებლობდა.