„ეს განცხადება იყო აბსოლუტური სითავხედე - არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ფული მართლა დაიხარჯება ჩვენს სოფლებში“

„ეს განცხადება იყო აბსოლუტური სითავხედე... არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ფული მართლა დაიხარჯება ჩვენს სოფლებში,“- ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პრემიერისა და მთავრობის წევრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ გეგმასთან დაკავშირებით.

„ეს განცხადება იყო აბსოლუტური სითავხედე ახლა. ამის დასადასტურებლად ელემენტარული ვიზიტია საკმარისი თბილისის გარეთ, აქვე თეთრიწყაროში, ან კახეთში... იქ, სადაც არ თაოსნობს კერძო სექტორი, ჩვენი სოფლები არის მიგდებული. საერთოდ, რომელ რეგიონებზე საუბრობენ, ჩვენი მინისტრები, ბოლოს როდის იყვნენ რეგიონებში?! ჩვენი მინისტრები ხომ ძირითადად თავისი კორტეჟით, სპეციალურად შერჩეულ ადგილას პარტაქტივთან შეხვედრაზე დადიან. სხვა შემთხვევაში, აქვე რომ გახვიდე, მაგალითად ლისზე, ხალხს წყალი არ აქვს. ჩვენი რეგიონები მიგდებული ჰყავდა ხელისუფლებას 9 წელი და თურმე ახლა გაახსენდათ, რომ იქ ახალი სიცოცხლე უნდა აგუგუნდესო. ამ ხელისუფლებამ გააცდინა ჩვენი ცხოვრების 9 წელი, იმიტომ რომ ეს ქარხნები, რაზეც ახლაა საუბარი, აქამდე უნდა აშენებულიყო. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ნაბიჯი და არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ფული მართლა დაიხარჯება ჩვენს სოფლებში,“- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეკრეაციული ზონები და რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება. პრემიერის თქმით, რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამოიყოფა.

თაია არდოტელი