EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

ფინანსთა მინისტრის, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რათა ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონის შეხვედრის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის საჭირო რესურსების მობილიზება შეძლოს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და კომისიის სხვა წევრები. EBRD-ის წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში 2015 წლის 13-15 მაისს გაიმართება.