კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 58 875 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ- გვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 58 875 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 56 254-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 26 847 ადამიანმა გამოთქვა. 11 405 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7672 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 5261-მა ადამიანმა გამოთქვა, 3153 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 698 -ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.