როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთიდან  ბენზინის იმპორტის შესაძლო შეზღუდვა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

რუსეთმა შესაძლოა, ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს. მთავრობამ უკვე დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს, რომ მან „ნავთობპროდუქტების ცალკეულ სახეობათა დროებითი აკრძალვის“ შესახებ აქტის პროექტი შეიმუშავოს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი იმპორტიორია, შეზღუდვა არ გამოიწვევს პროდუქციაზე ფასის მატებას და მის ნიშასაც სხვა აითვისებს“ - ასეთია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის შეფასება.

,,რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში არის ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი. მინიმუმ 5 წელია ის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია ბენზინის და დიზელის სფეროში.

მიმდინარე წლის 3 თვეში 132 000 ტონა ბენზინი შემოვიდა საქართველოში და აქედან 30% რუსული ბენზინია. ანუ ყველაზე დიდი წილი მასზე მოდის. შემდეგ მას მოჰყვებიან რუმინეთი და თურქმენეთი. თუ რუსეთიდან ნამდვილად შეიზღუდება იმპორტი, ბაზრიდან გამოთავისუფლდება საკმაოდ დიდი ადგილი, თუმცა ეს არ შექმნის ისეთ პრობლემას, რომ ვერ მოხდეს მისი ჩანაცვლება.

თავად რაც რუსულ პროდუქტს ეხება, ის საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, ევრო5-ის სტანდარტის პროდუქტია. უფრო იაფია, ვიდრე ევროპული საწვავი და უფრო ძვირი, ვიდრე თურქმენული. ანუ მისი ფასიც და ხარისხიც კონკურენტულია.

არ ვამბობ, რომ რუსული პროდუქციის ხვედრითი წილი არ არის მნიშვნელოვანი ქართულ ნავთობპროდუქტების ბაზარზე, მაგრამ თუ ის შემცირდება, არ ნიშნავს, რომ ეს ადგილი ცარიელი დარჩება და ვერ აითვისებს სხვა ქვეყნებიდან შემოსული ბენზინი. რა თქმა უნდა, მოხდება მისი შევსება ევროპული ქვეყნებიდან და თურქმენეთიდან. ამიტომ გვექნება იაფი და ძვირი პროდუქცია ორივე. გაქრება მხოლოდ ეს, საშუალო ფასის პროდუქტი. მე უბრალოდ, ვერ ვხედავთ ლოგიკას მათ ამ ინიციატივაში. პანდემიის გამო, ისედაც შეზღუდულია ნავთობის მოხმარება და რატომ შეიძლება ზღუდავდნენ უფრო მეტად გასაღების არეალს, მართლა არ მესმის“, - განაცხადა მთვრალაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუთან“.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობა აპირებს, ბენზინი იმ პროდუქციის ჩამონათვალში შეიტანოს, რისი ექსპორტიც დროებით შეიზღუდება. ეს წინადადება რამდენიმე დღის წინათ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან თათბირის დროს განიხილებოდა. რუსული „კომერსანტის“ ცნობით, თათბირის პროტოკოლიდან ირკვევა, რომ მთავრობას შედგენილი აქვს შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების სია, რისი ექსპორტიც განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიზღუდება ან საერთოდ აიკრძალება. მთავრობამ დაავალა კიდეც ენერგეტიკის სამინისტროს, რომ მან „ნავთობპროდუქტების ცალკეულ სახეობათა დროებითი აკრძალვის“ შესახებ აქტის პროექტი შეიმუშავოს. საუბარია იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საზღვრებს გარეთ მყოფ ქვეყნებში ოპერატიულად შეძლოს.

თამარ მუკბანიანი