სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
სეს-ის ცნობით, კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა, რაც ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგია.