რა ღირს კომერციული ფართების ქირაობა თბილისის 4 ძირითად სავაჭრო ქუჩაზე

„კოლიერს ჯორჯია“ უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს.

კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული და სრული სურათის შესაქმნელად პანდემიის ზოგადი ეფექტებიც არის გაანალიზებული.

მათი შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა. დაახლოებით 9 ათასი კვ.მ ფართი გამოთავისუფლდა 2020 წლის მეორე ნახევარში. ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით.

„2020 წელს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა უმნიშვნელოდ შემცირდა. მაჩვენებელმა 3%-ით დაიკლო და კვ.მ-ზე 18.3 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გაუტოლდა.

საშუალო შეწონილი იჯარისგან განსხვავებით, ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. 2019 წლის შემდეგ, კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა.

შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან. ვაკანტური ფართი გაიზარდა Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში.

თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში მოიჯარეთა კატეგორიების განაწილებაში უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება. მოდისა და ელექტრონიკის წილი 1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ კატეგორიებში მოიჯარეების მიერ ათვისებული ფართის ჯამური რაოდენობა 4,000 კვ.მ-ს შეადგენს. ​

2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა შემცირდა თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. პეკინზე იჯარის 9%-იანი კლება დაფიქსირდა და კვ.მ-ზე 32.6 აშშ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როცა აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე აღნიშნული მაჩვენებელი 5% და 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე შესაბამისად, 24.4 და 29 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 6%-ით გაიზარდა რუსთაველის გამზირზე,“-აღნიშნულია „კოლიერსის“ კვლევაში.

თაია არდოტელი