აშშ დასავლეთბალკანურ ქვეყნებს სუფთა ენერგიის განვითარებაში დაეხმარება

აშშ მზადაა, დასავლეთ ბალკანებს ენერგორესურსების დივერსიფიცირებაში და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განვითარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს კლიმატის სფეროში მათი მიზნების მიღწევაში და ამავდროულად, წინ აღვუდგეთ მათ იძულებას, მოიხმარონ რუსული ენერგორესურსები. ამის შედეგად ისინი ენერგეტიკის დივერსიფიცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ. ასევე, მზად ვართ, მათ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ამ რეგიონს განვითარებაში, ჩინური გავლენისგან სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის დაცვაში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. მისი თქმით, აშშ დასავლეთ ბალკანურ ქვეყნებს ევროინტეგრაციის გზაზეც დაეხმარება.

„ჩვენ მივესალმებით ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,“ - აცხადებს პრაისი.

მისი თქმით, ვაშინგტონი ძალისხმევას არ დაიშურებს კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. აშშ დაეხმარება ბოსნია-ჰერცოგოვინას რეფორმების გატარებაში, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოაპოვებინებს.

„დასავლეთბალკანური ქვეყნების განვითარება და წარმატება ეფექტიან მმართველობაზე, კანონის უზენაესობაზე, მრავალნაციონალურ დემოკრატიაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული,“ - განაცხადა ნედ პრაისმა.

კოკა კვირკველია