იანოშ ჰერმანი: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ასოცირების შეთანხმების რეალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში არსებულ პროექტებს.

"პოსტსაბჭოთა პერიოდი საკმაოდ რთული იყო სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ამჟამად, სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების, მათ შორის DCFTA-ის შეთანხმების რეალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ელჩის თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებით და მომავალში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განახლებულ ვერსიაზე, რომელზე მუშაობაც პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

"მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იმუშავებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.