ბანანზე ფასი სულ უფრო იზრდება და მის სრულ განადგურებასაც არ გამორიცხავენ

EastFruit-ის მონაცემებით, ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია. მაგალითად, საქართველოსა და პოლონეთში ბანანის ფასმა ერთნაირი ნიშნულით, 21%-ით მოიმატა. თუმცა თუ პოლონეთში ბანანის ფასი კილოგრამზე 1,20 დოლარს აღემატება, ჩვენთან მისი საბითუმო ფასი ოდნავ დაბალია და კგ/1,20 დოლარამდეა. ბანანზე ყველაზე მაღალი ფასი ცენტრალურ აზიაშია რეგიონის ლოგისტიკური დაშორების გამო: ტაჯიკეთის საბითუმო ბაზარზე კილოგრამი ბანანი 1,57 დოლარია, თუმცა შარშანდელთან შედარებით, აქ ბანანი მხოლოდ 6%-ით გაძვირდა. უზბეკეთში კილოგრამი ბანანი 1,99 დოლარი გახდა. ყველაზე მაღალი პროცენტული მატება რუსეთშია: იქ ბანანი შარშანდელთან შედარებით, 50%-ით გაძვირდა და 1 კგ. 1,44 დოლარი გახდა. ბელარუსში ფასმა მეოთხედით მოიმატა და კგ-ს ფასი 1,31 დოლარია. ყველზე მცირედით ბანანის ფასმა მოლდოვაში - 9%-ით და უკრაინაში - 6%-ით მოიმატა.

EastFruit ბანანზე მსოფლიო ფასის ზრდას მის მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში, ეკვადორში არსებულ არასტაბილურ სოციალურ-ჰუმანიტარულ ვითარებას უკავშირებენ. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ფასის ზრდაზე, ასევე, ზეგავლენას ახდენს ინფორმაცია ყველაზე გაყიდვადი, Cavendish-ის ჯიშის ბანანის შესაძლო განადგურების შესახებ. Cavendish-ის ბანანს მეტად დამაზიანებელი Tropical Race 4 (TR4) სოკოს დაავადება გაუჩნდა. Cavendish-ის ბანანზე მსოფლიო გაყიდვების 95% მოდის. მიმდინარე თვეში TR4-ს არსებობა ეკვადორის მეზობელ პერუშიც დაადასტურეს. Tropical Race 4 თავიდან აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია. კოლუმბიასა და ჰონდურასში პირველი პლანტაციები უკვე დაიკეტა. TR4 სოკოს მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა.

ბანანის მსოფლიო მოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 114 მლნ ტონაა. მსოფლიო ვაჭრობაში ბანანის წილი 30 მილიარდზე მეტ ევროდ არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ