როგორ ადაპტირდა ბიზნესი სამუშაო საათების ათვლისა და მონაცემების შენახვის ვალდებულების მიმართ?

ახალი შრომის კოდექსის თანახმად, 1-ლი მარტიდან საქართველოში ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა „ტაბელის ცხრილი“, სადაც დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და გაცდენები უნდა აღირიცხოს, სიების არქივი კი კომპანიებმა ერთი წლის ვადით უნდა შეინახონ.

გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია, განსაზღვროს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე, შენახვაზე და დასაქმებულებისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ები) ან სტრუქტურული ქვედანაყოფი.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა ნაწილი სამუშაო საათებს ახალი რეგულაციების დაწესებამდეც აღრიცხავდა, ნაწილს კი აღნიშნული სისტემის დანერგვა მხოლოდ ახლა მოუწია.

ვიდრე სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო გახდებოდა, მსხვილი კომპანიები ამას ელექტრონული აღრიცხვის მეთოდის მეშვეობით აკეთებდნენ, თუმცა ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს იმ თანამშრომელთა სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა, რომლებიც საველე საქმეს ასრულებენ.

ამგვარი „შერეული“ მოდელით მუშაობენ მაგალითად, საცალო გაყიდვების სექტორის უმსხვილესი მოთამაშეები, ქსელური სასურსათო სუპერმარკეტები, რომელთაც თანამშრომლები როგორც მაღაზიებში, ისე მის გარეთაც ჰყავთ დასაქმებული.

საინტერესოა, როგორ ადაპტირდა მსხვილი ბიზნესი 1-ელი მარტიდან ძალაში შესულ ახალ ვალდებულებაზე და რა გამოწვევების წინაშე დგას ის? ამის შესახებ დეტალურად სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანების „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეს მირანდა მანჯგალაძეს ვესაუბრეთ:

საინტერესოა, რა მექანიზმით დაიწყეს საცალო ქსელურმა მარკეტებმა თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა?

12-ვე ქსელურ სასურსათო მარკეტში, რომელსაც ჩვენი ასოციაცია აერთიანებს, სამუშაო საათები ისევ ისე აღირიცხება, როგორც კანონის მიღებამდე, უბრალოდ დაემატა ის ფორმალობა, რომ ამობეჭდილი „ტაბელების ცხრილი“, ხელმოწერილი პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მხრიდან, უნდა ინახებოდეს ერთი წლის განმავლობაში. ჩვენს ასოციაციაში შემავალი სუპერმარკეტები საქართველოს მასშტაბით 30 000-მდე თანამშრომელს აერთიანებენ და ჩვენ მათ სამუშაო საათებს კანონის შესაბამისად აღვრიცხავთ.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით ბიუროკრატიას წარმოადგენს, თქვენს რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

საათობრივ ანაზღაურებაზე ჩვენ ისედაც ვიყავით და ის თანამშრომელს ნამუშევარი საათების მიხედვით ერიცხებოდა. აღრიცხვის კუთხით არაფერია ახალი.

აღნიშნული ვალდებულება, რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ მატებს არც თანამშრომელს და არც კომპანიას. ამავდროულად, მოითხოვს დროის და ფინანსურ რესურსს, რომელიც საბოლოო ჯამში ზრდის ხარჯს.

როგორ აღრიცხავთ იმ დასაქმებულთა საათებს, რომლებიც საველე სამუშაოს ასრულებენ?

მათ სამუშაო საათებს აღვრიცხავთ ფორმალურად, რომ ფურცელზე გვქონდეს შემმოწმებლისთვის. ამის გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს. ზუსტად ამიტომაა, რომ რეგულაცია არის ფორმალური და არ მატებს არანაირ ღირებულებას არცერთ მხარეს - არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს. რეალურად, ყოველთვის ზუსტად გვაქვს განსაზღვრული როგორც სუპერმარკეტში, ისე მის გარეთ დასაქმებულთა სამუშაო საათები და ამ სისტემაზე ჩვენ უკვე წლებია, აწყობილები ვართ.

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება რეგულაცია და თქვენი შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმა რამდენად განიცადა ადაპტაცია მის მიმართ?

ბიზნესი საინტერესო ფენომენია, ყველაფრის მიმართ ახერხებს ადაპტაციას. რეგულაციას აქვს კეთილშობილური მიზანი დაიცვას დასაქმებული, მაგრამ კანონს აკლია ბალანსი და კანონის აღსრულებისთვის არასწორი მექანიზმებია შერჩეული. სწორედ ამიტომ საჭიროებს ის დეტალურ ანალიზსა და ცვლილებებს, რათა საბოლოო ჯამში კანონის მიზანს მისი აღსრულება წარმოადგენდეს და ის თანაბრად იცავდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს.