ფოთის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ფოთის მოსახლეობა მალე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ნაბადის უბანში რეზერვუარების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ოთხი რეზერვუარის გარდა, იქ სატუმბი სადგურიც აშენდება. სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ფონდისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტს 17 მილიონი ლარი მოხმარდება.

სამშენებლო სამუშაოები დღეს ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს. "ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, დღემდე ფოთის მოსახლეობა 18-20 საათიანი გრაფიკით სარგებლობს. პროექტის ამოქმედების შედეგად კი ისინი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა",- აცხადებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია. სამშენებლო სამუშაოები ფოთში 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.