ფერმერებმა გადაწყვიტეს, აგრარული ბაზრები სატაცურით თავად მოამარაგონ -  პროდუქტის ახალი ფასი ცნობილია

სატაცური ქართულ ბაზრებზე უკვე გამოჩნდა. წესით, პროდუქტის სეზონი აპრილიდან იწყება, თუმცა, გრილი გაზაფხულის გამო, ფერმერებმა მოსავლის აღება 20 რიცხვამდე ვერ შეძლეს. ამ დროისთვის 1 კგ სატაცურის ფასი აგრარულ ბაზრებზე 15-17 ლარია.

როგორც East fruit წერს, „თოკის ბიოლოგიური მეურნეობა“ სატაცურის მოსავალს მოსახლეობისგან 2019 წლიდან იღებს და „მწვანე რესპუბლიკის“ ბრენდით სუპერმარკეტების ქსელში ყიდის.

კომპანიის თანადამფუძნებლის თორნიკე მჟავანაძის თქმით, წელს სატაცურის გაყიდვები არ ექნებათ, რადგან ველური პროდუქტის შემგროვებლებმა გადაწყვიტეს, გაზარდონ თავიანთი შემოსავალი და შარშანდელი 7-9 ლარის ნაცვლად, წელს 14 ლარად გაყიდონ.

”ფერმერები იმედოვნებენ, რომ გარეულ სატაცურს პირდაპირი გზით თავად გაყიდიან. თუმცა, აღნიშნულ პროდუქტს სჭირდება სარეალიზაციო მდგომარეობამდე მიყვანა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ამასთან, ვთავაზობდით მათ სტაბილურ შემოსავალს. ჩვენ მზად ვიყავით ყველანაირი სატაცურის მისაღებად, დახარისხების გარეშე”, - განმარტა თორნიკე მჟავანაძემ.

აღსანიშნავია, რომ ველური მზარდი სატაცურის შეგროვებისთვის კომპანიას არ აქვს უფლება დაიქირაოს მუშები სხვა რეგიონიდან. ამის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა დაზოგილი რესურსები საკუთარი სატაცურის წარმოებისთვის გამოიყენოს. კერძოდ, კომპანიამ სატაცურის რამდენიმე ჯიში უკვე დარგო. მეწარმის თქმით, მომავალ წელს გაირკვევა, თუ რომელი სახეობა აჩვენებს საუკეთესო შედეგს.

სატაცურის კიდევ ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ GeoFresh, რომელსაც პროდუქტი აღმოსავლეთ საქართველოში 13 ჰექტარზე მოჰყავს, მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით, სატაცური ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა ერთ კვირაში კომპანია პირველ კონტეინერს ექსპორტზე გაიტანს.

GeoFresh-მა გასულ წელს მოსავლის დაახლოებით 60% რუსეთის ფედერაციაში გაყიდა. ამ სეზონზე კი 25 ტონამდე მოსავალს ელოდება, საიდანაც 15-16 ტონა ექსპორტზე გავა.

კომპანიის წარმომადგენელი, სალომე ქველიაშვილი EastFruit-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება, რამაც გავლენა ფასზეც მოახდინა. წელს GeoFresh-ის სატაცური, ხარისხიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე 11-16 ლარი ეღირება, ექსპორტზე - 6,5 დოლარი. გასულ წელს ფასები ადგილობრივ ბაზარზე 9-დან 14 ლარამდე იყო, ხოლო ექსპორტის ფასი - 4,5-დან 5 დოლარამდე (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით).

ნინი ქეთელაური