ტალინი-ჰელსინკი ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება

ესტონეთის ეკონომიკის მინისტრმა ტაავი აასმა და ფინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტიმო ჰარაკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ინფორმაციას ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციის სამინისტრო ავრცელებს. ტალინი-ჰელსინკის გვირაბის გარდა, მემორანდუმი სხვა მსხვილი სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასაც გულისხმობს, როგორიცაა Rail Baltic-ის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი და ბალტია-ჩრდილოეთის ზღვის კორიდორი.

„მემორანდუმზე ხელმოწერა ტალინი-ჰელსინკის გვირაბის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიერთებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ტალინი-ჰელსინკის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე, დაახლოებით, 20 მლრდ ევრო დაიხარჯება.

„ესტონეთი და ფინეთი თავიანთი სახსრებით ამ პროექტის რეალიზებას ვერ შეძლებს, ამიტომ ევროკავშირის მხრიდან პროექტის თანადაფინანსება აუცილებელია. ამასთან, პროექტში კერძო სექტორის მიზიდვასაც სერიოზულად განვიხილავთ. გვირაბის დაპროექტებამდე ჯერ შორს ვართ და თავდაპირველად მისი რენტაბელობისა და ბუნების დაცვის კუთხით გონივრული გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები“, - განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის დროს ესტონეთის ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ჯერ ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტიანობის კვლევები უნდა ჩატარდეს.

მემორანდუმი 2030 წლამდე მოქმედებს და თუ პროექტიდნ არცერთი მხარე არ გავა, მისი ვადა ავტომატურად კიდევ 10 წლით გაგრძელდება.

2018 წელს გამოქვეყნებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, ჰელსინკი-ტალინის გვირაბის სიგრძე 103 კილომეტრია, რაც მსოფლიოში რკინიგზის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი იქნება. გვირაბით როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლები ივლიან. პროექტის თანახმად, 2050 წლისთვის გვირაბით გადაადგილებულ მგზავრთა რაოდენობა 23 მილიონს მიაღწევს. დღეის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის წელიწადში, დაახლოებით, 9 მლნ ადამიანი მგზავრობს.

უკვე გაწერილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკი: ისინი 20-წუთიანი შუალედითა და 200 კმ/საათის სიჩქრით იმოძრავებენ. გვირაბში დღეში, საშუალოდ, 30 სამგზავრო და სატვირთო მატარებელი გაივლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ