მაღაზიის შემდეგ კაფე  - ,,წერტი“ პანდემიის პირობებში მეორე ობიექტს ხსნის

,,ჩვენი კაფე იქნება ლანჩ-კაფის კონცეფციის და ერთდროულად 20 სტუმრის მიღებას შევძლებთ“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „წერტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მესამე ტალღის გამო შეზღუდვები არ დაწესდება, ,,წერტი“ პირველ კაფეს აპრილის ბოლოს გახსნის.

,, ჩვენი კაფე იქნება წერტის მეორე მაღაზიის თავზე, ყაზბეგის გამზირზე. ობიექტი უფრო ლანჩ-კაფეს კონცეფცია იქნება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კლიენტების ძირითადი სეგმენტი მიმდებარე ოფისების თანამშრომლები იქნებიან, რომლებიც სადილად ჩვენთან მოვლენ. ვგეგმავთ, რომ თვის ბოლოდან გავხსნათ, მაგრამ ყველაფერი მაინც პანდემიასთანაა კავშირში.

კოვიდ შეზღუდვების გამო, არ ვიცით ეს როგორ დარეგულირდება, ისე კი კაფე გათვლილია 20 ერთდროულად მოსულ სტუმარზე. ამასთან, კაფეს ექნება გატანის სერვისიც“-განაცხადა გონაშვილმა.

ცნობისთვის, ეს ,,წერტის“ მეორე ობიექტია, რომელიც პანდემიის პირობებში გაიხსნა. გასული წლის დეკემბერში, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე 700 000 ლარის ინვესტიციით სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის კიდევ ერთი „წერტი“ გაიხსნა. საწარმოო კომპლექსი 450 მ2 ფართობზეა გაშლილი. პირველი „წერტი“ დიდუბეში გაიხსნა.

თამარ მუკბანიანი