BP-ს პირველი კვარტლის მოგებამ პროგნოზს მილიარდით გადააჭარბა

Reuters-ის ცნობით, ენერგეტიკული კომპანია BP-ს მოგება პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა და პროგნოზირებად 1,6 მლრდ-ის ნაცვლად, მან 2,6 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის მიზეზი ნავთობზე მაღალი ფასი და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან მიღებული დიდი შემოსავალია. ამით BP-ს აქციების გამოსყიდვისკენ გზა გაეხსნა.

BP-მ მოგების ზრდა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ივარაუდა, როცა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთში COVID-19-ზე სწრაფი ვაქცინაციის პარალელურად, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. ხარჯების, პერსონალისა და დივიდენდების შემცირების ერთწლიანი პერიოდის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენაში BP დღეს უკვე დარწმუნებულია და ამის ნიშნად მეორე კვარტალში 500 მლნ დოლარის საკუთარი აქციების გამოსყიდვას აპირებს. ეს გადაწყვეტილება BP-მ დავალიანების მოსალოდნელზე უფრო სწრაფი შემცირების შედეგად მიიღო: კომპანიის სუფთა ვალი 35-მილიარდიანი დოლარის მიზნობრივ მაჩვენებლს ჩამოცდა. დეკემბრის ბოლოსთვის ის 5,6 მლრდ დოლარით შემცირდა და მარტის ბოლოს 33,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შედეგად, ნავთობზე მაღალი ფასების პარალელურად, კომპანიას 4,8 მლრდ დოლარის განკარგვის საშუალება მიეცა.

ვარაუდობენ, რომ წელს BP 1,5-2 მლრდ დოლარის ღირებულების აქციებს გამოისყიდის. ამასთან, დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას კომპანია, არაუგვიანეს, მესამე კვარტალში წარადგენს. BP-ს აქციები 1,8%-ით, 301,85 პენსამდე გაიზარდა, რაც 15%-ზე მეტ წლიურ ზრდას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, წამყვან ნავთობკომპანიებს შორის BP-ს ყველაზე სუსტი მაჩვენებლები აქვს: კომპანიის აქციების ფასი პანდემიამდელ დონეზე მესამედით დაბალია. ამის მიზეზად კომპანიის ენერგომატარებლებზე გადასვლის სტრატეგიას ასახელებენ, რაც ინვესტორებს აფრთხობს. გენერალური დირექტორის ბერნარდ ლუნის გეგმის მიხედვით, კომპანია დაბალნახშირბადიან ინვესტიციებზე გააკეთებს აქცენტს და 2025 წლისთვის 25 მლრდ დოლარის აქტივებს გაყიდის. თუმცა 13-მილიარდიანი დოლარის საინვესტიციო ბიუჯეტიდან, წელს BP 9 მლრდ დოლარს ნავთობზე და გაზზე დახარჯავს.

პირველი კვარტლის 2,6-მილიარდიანი დოლარის მოგება 2020 წლის მეოთხე კვარტალს 110 მლნ დოლარით აღემატება და პანდემიამდელ, 2019 წლის პირველი კვარტლის 2,4-მილიარდიანი დოლარის მოგებასთან ახლოსაა. 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, ოპერაციული საქმიანობის ფულადმა ნაკადმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია და 6,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ბუნებრივი აირის სეგმენტში საბაზისო მოგება წინა კვარტლის 2 მილიონი დოლარიდან 1,7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

BP-ში ვარაუდობენ, რომ ნავთობის მსოფლიო მარაგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საწვავზე მოთხოვნის შემცირების შედეგად მკვეთრად გაიზარდა, 2021 წლის ბოლოსთვის ისტორიულ მინიმუმადმე შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ