რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესი“ ისევ ამუშავდა

სადერივაციო გვირაბის 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესი“ ერთიან ქსელში ჩაერთო - ამის შესახებ ინფორმაციას ჰიდროელექტროსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2021 წლის 27 აპრილს,17.40-ზე ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო. სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. ვულოცავთ თითოეულ ენგურჰესელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და საქართველოს ენერგეტიკის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!

ღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15%-ით გაიზრდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ,,ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. მისივე თქმით, ჰესი მუშაობას აპრილის ბოლოდან განაახლებს.

,, სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაბამისად, ამ დროს ამოქმედდება ჰესი, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მთლიანად რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახლა, სრულდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, რაც ჰესის გაჩერების გარეშე შეუძლებელი იყო. სამუშაოების დარჩენილი ნაწილი კი განხორციელდება ჰესის ფუნქციონირების პარალელურად.

ჯერ, ზუსტად ვერ ვიტყვით რამდენად გაზრდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროენერგიის გამომუშავებას, ეს გვეცოდინება ჰესის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ახლა ვვარაუდობთ, რომ 10-15%-ით გაიზრდება გამომუშავება. ჰესის ამოქმედების შემდეგ, ჩვეულებრივ აღუდგება აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება, ისე როგორც დანარჩენ საქართველოს“- განაცხადა ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისათვის, „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ჰესის რეაბილიტაციის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი. რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება დაახლოებით 100 მილიონი კილოვატ საათით გაიზრდება.