ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას ივნისიდან გეგმავს

ესპანეთი ციფრული კოვიდ სერტიფიკატის სქემის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დამსვენებლების მიღებას ივნისიდან გეგმავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრმა ტურიზმის საკითხებში ფერნანდო ვალდესმა განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთი საპილოტე ციფრული სერთიფიკატების სქემაში მაისში ჩაერთვება და ვაქცინირებული, კოვიდ 19-სგან განკურნებული და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ტურისტების მისაღებად ივნისში მზად იქნება, თუმცა, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სერთიფიკატები "ჯადოსნური ჯოხი არ არის".

ესპანეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3 496 134 შემთხვევაა დადასტურებული და დღემდე ვირუსს 77 855 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესპანეთში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 47 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 14 994 667 დოზაა გამოყენებული.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 4 020 945 მოქალაქეა.