ADB - მწვანე და სოციალური დაფინანსება უმნიშვნელოვანესია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მდგრადი აღდგენისთვის

მწვანე და სოციალურ დაფინანსება უნდა გაძლიერდეს, რათა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიისგან აღდგენა იყოს მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი - ამის შესახებ ნათქვამია აზიის განვითარების 2021 წლის პროგნოზში, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშის თემატური თავის - მწვანე და მრავალმხრივი აღდგენის დაფინანსების, მიხედვით, მთავრობებმა პოლიტიკით უნდა განსაზღვრონ სოციალური და მწვანე დაფინანსების - ეკოლოგიური და სოციალური მიზნების ხელშემწყობი ფინანსური ინსტრუმენტების - განვითარების მხარდაჭერა. ანგარიში მოუწოდებს მთავრობებს გამოიყენონ საბიუჯეტო სახსრები, კანონმდებლობა და რეგულაციები მწვანე და სოციალური დაფინანსების ზრდის დასაჩქარებლად. რეგულაციები, რომლებიც აღასრულებს ინფორმაციის გაცემისა და გავლენის შეფასების გავრცელებულ სტანდარტებს, ხელს უწყობს მწვანე და სოციალური დაფინანსების ეფექტურობას, მდგრადობას და მიმზიდველობას - განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის.

“კოვიდ-19 განსაკუთრებით აზიანებს ღარიბ ადამიანებს, მაგრამ ის ასევე უკეთ აღდგენის შესაძლებლობასაც წარმოადგენს,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. “ეს „დიდი აღდგენა“ მოითხოვს დიდ ინვესტიციებს გარემოს დაცვის და სოციალურ სექტორებში, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება. ეს შესაძლებელია მხოლოდ რეგიონის მთავრობებისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, მით უმეტეს, როცა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა სახელმწიფო შემოსავლებს. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს საბაზრო ინფრასტრუქტურა და ეკოსისტემა მწვანე და სოციალური დაფინანსებისთვის, რათა ამით ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას.”

ბოლო წლებში სწრაფად იზრდება მწვანე და სოციალური დაფინანსება, განსაკუთრებით კერძო სექტორში. ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა ინვესტორთა მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნებისთვის უპირატესობის მინიჭებამ. დღეს 30 ტრილიონზე, ანუ გლობალური აქტივების ერთ მესამედზე მეტის მართვა ხორციელდება ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი მოსაზრებების გათვალისწინებით. კომპანიები იყენებენ მწვანე და სოციალურ დაფინანსებას მდგრადობის რისკების ჰეჯირების, „მომთმენი ინვესტორების“ მოზიდვისა და შოკების მიმართ უფრო მეტი მედეგობის მისაღწევად. ანგარიშის თანახმად, მართალია, ბაზარზე ჯერ ისევ დომინირებენ მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მაგრამ განვითარებადი აზია ლიდერია ახლადშექმნილ ბაზრებს შორის მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების მხრივ.

ანგარიშში დოკუმენტურად არის ასახული, თუ როგორ ეხმარება მწვანე და სოციალური დაფინანსება ინვესტორებს, ფირმებს და საზოგადოებას. ფაქტები ცხადჰყოფს, რომ კომპანიები, რომლებიც მწვანე დაფინანსებით სარგებლობენ, პანდემიის დროს აქციების უკეთესი დინამიკითა და უფრო მეტი მედეგობით ხასიათდებოდნენ. ასევე, აზიის მწვანე ობლიგაციების გამომშვებთა ეკოლოგიური შედეგების ქულა საშუალოდ 30%-ით გაუმჯობესდა ემისიიდან ორი წლის შემდეგ. ქალაქებში, რომლებიც მეტ მწვანე ობლიგაციას უშვებენ, აღინიშნება ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

ანგარიშში აღწერილია რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მწვანე და ინკლუზიურ აღდგენას, მათ შორის სტიმულირების პაკეტები, მიკროდაფინანსება და ნახშირორჟანგის გაფრქვევასთან დაკავშირებული გადახდები. ინოვაციური დაფინანსების მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად გავლენის ობლიგაციები, ხელს უწყობს კერძო სექტორის კაპიტალის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებას. ასეთია განვითარების გავლენის ობლიგაცია „გოგონების განათლება“, რამაც ხელი შეუწყო სასკოლო ასაკის გოგონების მარგინალიზებული ჯგუფების განათლების დონის გაუმჯობესებას ინდოეთში.

ანგარიშში მითითებულია, რომ მრავალმხრივი განვითარების ბანკებს, მათ შორის ADB-ის, შეუძლიათ მწვანე და სოციალური დაფინანსების ზრდის ხელშეწყობა. ეს შესაძლებელია პირდაპირი დაფინანსებით, ასევე საჯარო და კერძო წყაროებიდან კაპიტალის მობილიზების ხელშეწყობით შერეული დაფინანსების, საკრედიტო რისკის პროფილის გაუმჯობესების, სასესხო გარანტიებისა და სხვა ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ ინსტრუმენტებს ასევე შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს განვითარებადი ქვეყნების ბაზრის ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემების, სახელმწიფო პოლიტიკის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის მხრივ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.