პრემიერმა ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ საგარეო და საშინაო ფაქტორებს განმარტავს, რამაც ლარის გაუფასურებაზე გავლენა მოახდინა.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საშინაო ფაქტორი იყო ის, რომ ოპონენტების მხრიდან "მიზანმიმართული პანიკა" ითესებოდა.

"მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ხედავთ, ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები განვითარდა სწორედ ისე, როგორც ვაცხადებდით ჩვენ და ლარმა დაიწყო გამყარება. დღეს უკვე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არის 1.92, ხოლო ბაზარზე არის 1.88 - 1,87. ლარის კურსზე ძირითადი გავლენა მოახდინა შემდეგმა ფაქტორებმა: პირველი – დოლარი გამყარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ მსოფლიოში, მათ შორის ევროს მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს სავაჭრო ბალანსზე. რაც შეეხება საშინაო ფაქტორს, ჩვენი ოპონენტების მხრიდან საგანგებოდ ითესებოდა მიზანმიმართული პანიკა და ხელოვნურად იქმნებოდა აჟიოტაჟი. ასეთი სწრაფი ტემპით დოლარის არაადეკვატურ ნიშნულამდე ასვლა სწორედ ამას უკავშირდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.