Alphabet-ის კვარტალური სუფთა მოგება 2,5-ჯერ გაიზარდა

Google-ის მფლობელი კორპორაცია Alphabet-ის შემოსავლებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში 34%-ით მოიმატა. ფინანსური ანგარიში კომპანიამ თავად გაავრცელა.

31 მარტს დასრულებულ სამთვიან პერიოდში კომპანიამ 55,31 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. სუფთა მოგებამ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,5-ჯერ მოიმატა და 17,93 მლრდ დოლარი შეადგინა. რეკლამიდან მიღებული შემოსავალი მეოთხედით, 33,76-დან 44,68 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის რეკლამებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 4 მლრდ დოლარი იყო.

„55,3 მილიარდი დოლარის ჯამური შემოსავალი აჩვენებს, რომ ქსელში მოსახლეობის აქტივობა გაიზარდა,“ - აცხადებს Alphabet-ის ფინანსისტი რუტ პორატი.

გაზეთ The Wall Street Journal-ის შეფასებით, ასეთი მაჩვენებელი იმას ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად სარეკლამო შემოსავლებიც იზრდება და Google-ს ციფრულ რეკლამაში ცენტრალური როლი აქვს.

კოკა კვირკველია