Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა 41,7 მლრდ დოლარს მიაღწია

კორპორაცია Microsoft-ის კვარტალური შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 41,7 მლრდ დოლარს მიაღწია. 31 მარტს დასრულებული პირველი კვარტლის მონაცემები კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ანგარიშშია მოყვანილი.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ოპერაციული შემოსავლები 31%-ით, 17 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, სუფთა მოგებამ კი 15,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 44%-იანი ზრდაა. როგორც გაზეთი The Wall Street Journal წერს, კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა ექსპერტების მოლოდინს ყველა მიმართულებით გადააჭარბა.

Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, რომ კორპორაციის ფინანსური წარმატება, მეტწილად, განპირობებულია ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდით. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში კომპანიის შემოსავლებმა სწრაფი ტემპით მოიმატა.

„წლებია, რაც ღრუბლოვან ტექნოლოგიებს წინსწრებად ვქმნით. ამასთან, ვაფართოვებთ ბაზარს და მის ყველა დონეზე ინოვაციებს ვნერგავთ, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს, უფრო სწრაფად ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან და იოლად შეძლონ ტრანსფორმაცია,“ - აცხადებს სატია ნადელა.

კოკა კვირკველია