რატომ ძვირდება საწვავი - კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის 1-ლი კვარტლის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. მიღებული შედეგების მიხედვით: 2021 წლის 1-ელ კვარტალში, ქვეყანაში 23 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 315 884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 2%-ით აღემატება 2020 წლის 1-ლი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 309 487 ლიტრი.

სააგენტოს მიმოხილვის თანახმად, იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსმა შეადგინა 1348 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 74.3%-ს, ხოლო სხვა 18 იმპორტიორი კომპანიის წილი - 25.7%-ის ფარგლებშია. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 23.9%, რომელსაც მოყვება თურქმენეთი - 21% და რუმინეთი - 20.2 %. საერთო იმპორტის 44% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 65.4%, ხოლო საერთო იმპორტში - 36.6%.

ანგარიშის თანახმად, საცალო ფასების ცვლილების დინამიკა - საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში, 2021 წლის 1-ელ კვარტალში, ისევე როგორც საქართველოში, საცალო სარეალიზაციო ფასები ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა მომწოდებელ ქვეყნებშიც.

„2021 წლის 1-ლი კვარტალი ნედლი ნავთობის და, შესაბამისად, პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 420 დოლარიანი მაჩვენებლიდან, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 12 მარტს - 546 დოლარი, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით, 497 დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 4.1%-ით - 13.5 პუნქტით გაუფასურდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმპორტირებული საწვავის ღირებულებასა და შესაბამისად ქვეყანაში საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე. 2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია.

ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც, თავის მხრივ, აისახა შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის საერთო წილობრივ განაწილებაზე.

შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს. ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს აძლევდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას. 2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს ცნობით, 2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა. 2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. (HHI მეტია 2250 -მაღალკონცენტრირებული ბაზარი, HHI ნაკლებია 1250 - დაბალკონცენტრირებული ბაზარი).

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან. ბაზარზე კონკურენტული გარემოს ზოგად შეფასებასთან ერთად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაკვირვებას საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე და გარკვეული პერიოდულობით საჯაროდ წარადგენს.

თაია არდოტელი