ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მთავრობა შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს სრულად იზიარებს.
„სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი „ლოქდაუნი“, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მოგახსენებთ, რომ 15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შევძლოთ პროცესის ეფექტური წარმართვა,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა, საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედპერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის.
„ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად.
ჩვენ ასევე მობილიზებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ-კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით. მისი დახმარებით შევძელით ეფექტური პირველადი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება. დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის. კლინიკური სასტუმროების იდეა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და გაზიარებული, როგორც ახალი სიტყვა კოვიდის მართვაში. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე ვადასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.