ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენს კრიტიკულ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხი. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.
ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიგ ცვლილებებს. ვგეგმავთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ გაზრდილი მანდატით შეძლონ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სისტემური კონტროლი. დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება,“- განაცხადა ტიკარაძემ.