ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დღეს დონორებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, დღეს დონორებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება და მას 30-მდე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ელჩები და წარმომადგენლები საელჩოდან. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამსწრე საზოგადოებას 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას წარუდგეს. აგრეთვე განიხილება სააგენტოს სამომავლო გეგმები და დონორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. ინოვაციები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ასევე "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს" პროგრამა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  "სამთავრობო გეგმაში "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსათვის" და ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის განსახორციელებლად. ვინაიდან ამ დარგის განვითარება ყველაზე მოკლე პერიოდში შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და სხვა დარგების განვითარებას", - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.