ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.
„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს.
„საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს. სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით, ქვეყნაში არსებული ფარამაცევტული საწარმოო თუ სადისტრიბუციო გარემოს უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP ინსპექტირების პროცესი გახდება მეტად ინტენსიური, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო პროპორციული ზომები.
GMP პრაქტიკის არსებობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს „პიკ“-ის გაერთიანების წევრი, სადაც მედიკამენტების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული გაერთიანების წევრობით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის და ამავდროულად გაიზრდება ეროვნული წარმოების მედიკამენტების საექსპორტო შესაძლებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.