ეროვნული ბანკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ ცვლის

ეროვნული ბანკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ ცვლის და მიმდინარე წელს 4%-იან ზრდას ელის.

„ჩვენ რომ შევხედოთ საბაზო სცენარს, რომელიც მესამე "ლოქდაუნის" ალბათობას არ ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენ შევინარჩუნეთ იმავე დონეზე - 4%-ზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სხვა თანაბარ პირობებში ადგილობრივ მოთხოვნასა და ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენ ამას წინა პროგნოზს შევადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ დაკრედიტების ტემპი. მიმდინარე ანალიზი მიუთითებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარეშე, დაკრედიტება იმაზე ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ეს წინა პროგნოზებში მოიაზრებოდა. საბოლოოდ ჩვენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდას იმავე ტემპით ველით, რაც წინა პროგნოზში გვქონდა გათვალისწინებული. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელდება ფისკალური სტიმულიც, რადგანაც დეფიციტი წელს საკმაოდ მაღალია.

იქიდან გამომდინარე, რომ ნარჩუნდება საკმაოდ კარგი საკრედიტო აქტივობა, ამავე დროს, ფისკალური სტიმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 4% იყოს. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ დროთა განმავლობაში როგორ შეიცვლება ამაზე მოქმედი ფაქტორები", - აცხადებს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა, მანამდე ბანკი საქართველოსთვის 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით კი წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაიზარდოს.