საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებს, აქვთ საქართველოში დაბრუნების ვალდებულება.
„გერმანიის რესპუბლიკასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, წელს დროებით დასაქმების მიზნით უკვე გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი. დანარჩენი შერჩეული მოქალაქეები ეტაპობრივად გაემგზავრებიან წლის ბოლომდე.
საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 12 აპრილს დაიწყო ისრაელში დროებით, ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დროებით დასაქმდნენ ისრაელის ხანგრძლივი მოვლის სამკურნალო დაწესებულებებში, როგორც დამხმარე მუშაკები. ორივე შემთხვევაში, ეს იქნება კარგი პრაქტიკა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უკეთ გაეცნონ როგორც აგრო სექტორის, ისე ხანგრძლივი მოვლის სისტემის საუკეთესო პრაქტიკას.
ცირკულარული მიგრაციის საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.