დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში შეღავათები დაუწესდეთ.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ „15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან".